სტენოკარდია, რომელიც, ასევე, ცნობილია გულის ანგინის სახელით, არის გულმკერდის არეში დისკომფორტის გარდამავალი ფორმა, რომელიც ფიზიკური აქტივობის ან ემოციური სტრესის დროს იჩენს თავს. ის ვლინდება, როცა გულს კორონარული არტერიებით საკმარისი ჟანგბადი ვერ მიეწოდება სისხლის ნაკადის შეზღუდვის გამო. ეს შეიძლება განპირობებული იყოს კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროებით ან სპაზმით.
სტენოკარდია უხშირესად შეიგრძნობა, როგორც ზეწოლა, მოჭერა ან სიმძიმე გულმკერდის არეში, თუმცა, ასევე, შეიძლება გავრცელდეს ყბიდან ან კბილებიდან ბეჭებამდე ან მკლავის გავლით მაჯებამდე და თითებამდე.
ტიპიურად სიმპტომები ვლინდება ან უარესდება ფიზიკური აქტივობის გაზრდისას, როგორიცაა აღმართზე ასვლა, ძლიერი ქარის საპირისპიროდ ან ცივ ამინდში სიარული, ხოლო, შესვენებისას რამდენიმე წუთში სიმპტომები უმჯობესდება.
სტენოკარდიის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ორი ტიპია - სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია. უხშირესია სტაბილური სტენოკარდია, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას ჩნდება და გაივლის დასვენების შემდეგ ან სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტის ზემოქმედებით და, როგორც წესი, ხუთ წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება.
არასტაბილური სტენოკარდია უფრო სერიოზულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ყურადღებას. არასტაბილური სტენოკარდია ხასიათდება ცვალებადი ბუნებით და თავი შეიძლება იჩინოს მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში. არასტაბილური სტენოკარდია უფრო ინტენსიურია, ხშირად გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს და არ ქრება მოსვენების ან სტენოკარდიის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღების შემდეგ. გული არასათანადო სისხლმომარაგებისას ვერ იღებს საკმაო რაოდენობით ჟანგბადს, რაც იწვევს გულის შეტევას. არასტაბილური სტენოკარდია ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს უქმნის და დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
სტენოკარდიის მკურნალობა მოიცავს გულის ძირითადი დაავადების მართვას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და გართულებების შემცირების მიზნით. ეს შეიძლება გულისხმობდეს სისხლის გამათხელებლებს თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის სამკურნალო საშუალებებს, სტენოკარდიის საწინააღმდეგო სპეციალურ მედიკამენტებს, ცხოვრების წესის შეცვლას, პერკუნტანეულ პროცედურებსა და ოპერაციას.