გული ტუმბოა, რომელიც სისხლს არტერიების გავლით მთელ სხეულში ამოძრავებს. ყოველი შეკუმშვისას ხდება სისხლის გადასროლა სისხლძარღვებში. ამ დროს, არტერიების კედლებზე სისხლის ზეწოლის შედეგად იქმნება არტერიული წნევა. წნევის მატებასთან ერთად, იზრდება გულის დატვირთვაც. ჰიპერტენზია, რომელსაც, ჩვეულებრივ, მაღალ ან მომატებულ არტერიულ წნევას უწოდებენ, არის სამედიცინო დარღვევა, რომელსაც არტერიებში ხანგრძლივად მომატებული წნევა ახასიათებს.
ჰიპერტენზია ჯანმოს ევროპულ რეგიონში ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვანი რისკის ფაქტორია.მისი წვლილი 2019 წლის ფატალურ შემთხვევებში თითქმის მეოთხედს (24%) შეადგენდა, ხოლო შრომის უუნარობაში — 13%-ს. მაღალი არტერიული წნევა გამორჩეული რისკის ფაქტორია როგორც გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის კუთხით, ისე - ტვირთის (მოსახლეობაზე ზემოქმედების) თვალსაზრისით. ჰიპერტენზია, ხშირად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც შეუმჩნეველი რჩება. შესაბამისად, საწყისი კლინიკური გამოვლინებები შეიძლება იყოს მძიმე და თავი იჩინოს გულის შეტევის ან ინსულტის სახით, რასაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს. ჯანმოს ევროპულ რეგიონში ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების დაახლოებით 33%-მა არ იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ და დადგენილი დაავადების მქონეთა შორისაც კი მკურნალობა შეძლება იყოს არასათანადო.
ციფრობრივად არტერიული წნევა გამოიხატება წყვილი რიცხვის სახით. პირველი რიცხვია (სისტოლური) გულის შეკუმშვისას ე.ი. პულსაციისას განვითარებული წნევა სისხლძარღვებში. მეორე - რომელიც ცნობილია, როგორც დიასტოლური რიცხვი, გვიჩვენებს წნევას სისხლძარღვებში გულისცემათა შორის შესვენებისას. ჰიპერტენზია დგინდება, როცა ორი ცალკეული გაზომვის შემთხვევაში სისტოლური არტერიული წნევა მეტია ≥140 მმ.ვწყ.სვ.-ზე, და/ან დიასტოლური არტერიული წნევა ორივეჯერ აღემატება ≥90 მმ.ვწყ.სვ.-ს.
უფრო გონივრულ კვებით რეჟიმზე გადასვლა, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა და ფიზიკური აქტივობის გაზრდა ეფექტიანად ამცირებს არტერიული წნევის დონეს. ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, ცხოვრების წესის ცვლილების მიუხედავად, მაინც გაუგრძელდეს ჰიპერტენზია. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ერთი ან რამდენიმე მედიკამენტის მიღება. არტერიული წნევის ოპტიმალური სამიზნე მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა, ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემების შესაბამისად. უმეტესობას არტერიული წნევის 140/90-ზე ნაკლებ მნიშვნელობაზე შენარჩუნება უნდა.
წნევის საკონტროლოდ ინიშნება მრავალი სხვადასხვა მედიკამენტი, მათ შორის, აგე ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერები, კალციუმის არხის ბლოკერები და შარდმდენები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი და ქლორთალიდონი.