პოდაგრა არის ანთებითი ართრიტის გავრცელებული სახეობა, რომელსაც ახასიათებს ტკივილის, შეშუპების, სიწითლისა და მომატებული მგრძნობელობის უეცარი, ძლიერი ეპიზოდები ერთ ან რამდენიმე სახსარში. მისთვის ტიპიურია ფეხის ცერა თითის სახსრის დაზიანება. თუმცა, რამდენიმე სხვა სახსარიც შეიძლება დააზიანოს, როგორიცაა მუხლები, კოჭები, ტერფები, ხელები, მაჯები და იდაყვები. „გამწვავებებს“ უწოდებენ პერიოდებს, როდესაც სიმპტომები უარესდება, ხოლო „რემისია“ აღნიშნავს უსიმპტომო პერიოდებს. თუ პოდაგრის გამწვავებები განმეორებითი ხასიათისაა, ის შეიძლება გადაიზარდოს პოდაგრულ ართრიტში, ართრიტის სახეობაში, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება.
პოდაგრა არის ჰიპერურიკემიად წოდებული სამედიცინო მდგომარეობის შედეგი, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობით. ორგანიზმში შარდმჟავა გამომუშავდება პურინების დაშლის დროს — ეს ნაერთები გვხდება როგორც ორგანიზმში, ისე საკვებში. ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას კრისტალების წარმოქმნა სახსრებში, ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში. თუმცა, შარდმჟავას მაღალი დონის მქონე ყველა ადამიანს როდი უვითარდება პოდაგრა. თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს გამოხატული, ის, ჩვეულებრივ, არ საჭიროებს მკურნალობას.
დადგენილია, რომ მსოფლიოში პოდაგრით დაავადებულია, სულ მცირე, 53 მილიონი ადამიანი. ბევრ მათგანს სათანადო დიაგნოზი არ აქვს დასმული და ნახევარზე ნაკლები მკურნალობს შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი მედიკამენტებით.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, პოდაგრით დაავადებულთა რიცხვი 22 მილიონიდან 53 მილიონამდე გაიზარდა. გაიზარდა ახალი შემთხვევების სიხშირეც.
პოდაგრის მკურნალობა ხშირად მოიცავს როგორც სიმპტომურ მკურნალობას (ტკივილის მართვას) გამწვავების დროს, ისე პურინების მაღალი შემცველობის მქონე საკვებისა და სასმელების მოხმარების შემცირებას. ექიმებმა შეიძლება დანიშნონ ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი, კორტიკოსტეროიდები და შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი საშუალებები, როგორიცაა ალოპურინოლი ან ფებუქსოსტატი, რათა ხელი შეუწყონ სიმპტომების კონტროლსა და მომავალში გამწვავების პრევენციას.