დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი) სხვადასხვა ფორმა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი. ნებისმიერი ტიპის დიაბეტისთვის დამახასიათებელია სისხლში გლუკოზის მომატებული დონე. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონ ინსულინის ნაკლებობამ და/ან მისი მოქმედების შესუსტებამ. ინსულინი არეგულირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას, რომელიც უჯრედებში აღწევს. გერმანიაში, ზრდასრულთა დაახლოებით 7,2 პროცენტია დაავადებული დიაბეტით, უმეტესობას (დაახლოებით 90 პროცენტს) აქვს ტიპი 2 დიაბეტი. მსოფლიოში დაახლოებით 537 მილიონი ზრდასრულია დაავადებული დიაბეტით, რომელთა უმრავლესობას აქვს ტიპი 2 დიაბეტი და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2045 წლისთვის 783 მილიონამდე გაიზრდება. გლობალურად, არადიაგნოსტირებული დიაბეტით მცხოვრებთა წილი დაახლოებით 45%-ია, მაგრამ ეს მაჩვენებელი განსხვავებულია რეგიონების მიხედვით და მერყეობს 54%-დან აფრიკაში და 24%-მდე ჩრდილოეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში.
ტიპი 2 დიაბეტი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებითა (ინსულინრეზისტენტობა) და ინსულინის გამომუშავების შემცირებით, ინსულინზე მუდმივად მაღალი მოთხოვნილების გამო, რაც, საბოლოოდ, ფიტავს პანკრეასის ინსულინმწარმოებელ უჯრედებს. ხშირად ის ნელა ვითარდება და წინათ, ძირითადად, ხანდაზმულობას უკავშირდებოდა, თუმცა, ამჟამად სულ უფრო ხშირად ვლინდება ახალგაზრდებსა და მოზარდებშიც. რისკის ფაქტორებს შორისაა გენეტიკური მიდრეკილება, ჭარბი წონა, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, დაუბალანსებელი კვება და მოწევა. ტიპი 2 დიაბეტს უკავშირდება როგორც მიკროვასკულური (წვრილ სისხლძარღვთა) გართულებების (მაგ., რეტინოპათია, ნეიროპათია და ნეფროპათია), ისე მაკროვასკულურ (მსხვილ სისხლძარღვთა) გართულებების (მაგ., გულის იშემიური, ცერებროვასკულური და პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებები) გაზრდილ რისკთან.
ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებში კი ინსულინის დეფიციტი აბსოლუტურია და უპირველეს ყოვლისა მას ინსულინით მკურნალობენ, ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობა კი თავიდან ფოკუსირდება ცხოვრების წესის შეცვლაზე, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ზრდა, კვების შეცვლა და წონის მართვა, რათა მოხდეს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესება და მისი საჭიროების შემცირება. თუ ეს ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი, სამკურნალოდ ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომელიც ხშირად ტაბლეტების სახით მიიღება. თუ სისხლში გლუკოზის კონტროლი სათანადოდ ვერ ხერხდება, ტიპი 2 დიაბეტის მქონეთაც შეიძლება დასჭირდეთ ინსულინი.